21 მაისი 2024,   17:29
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე იმსჯელეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადებით, სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, აღნიშნული ცნობების გადამოწმების შესაძლებლობა კი არ არსებობს. გაერო მხარეებს მოუწოდებს, 2020 წელს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება შეასრულონ და სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.

"სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს, დივერსიულმა ჯგუფებმა ღამით სცადეს აზერბაიჯანული სამხედროების გადაადგილებისა და მომარაგების მარშრუტების დანაღმვა, რაზეც ბაქომ შესაბამისი პასუხი გასცა. სამწუხაროდ, სომხეთის წარმომადგენლების განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ მათ ურთიერთობების მოგვარებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სურვილი არ აქვთ. სომხეთი, რომელმაც თავად განახორციელა აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას ახდენდა 30 წლის განმავლობაში, ახლა საუბრობს ნორმებსა და პრინციპებზე, რომლებსაც თავად არღვევდა მრავალი წლის განმავლობაში," - განაცხადა აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იაშარ ალიევმა. 

სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში მგერ მარგარიანი კი ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი აგრესია იქნა ჩადენილი:

"სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი აგრესია იქნა ჩადენილი და დამნაშავეს აქვს სახელი - ეს არის მეზობელი აზერბაიჯანი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება. აზერბაიჯანი გეგმავს მორიგ შეტევას, რითაც გააფართოებს აგრესიის გეოგრაფიას ნახიჩევანის მიმართულებით, რათა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დერეფანი შექმნას. აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევაა," - აღნიშნა მარგარიანმა.

დღის ამბები