16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ამ შანსის ხელიდან გაშვება არის ეროვნული ინტერესების ღალატი, ისტორიის წინაშე თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა - ანა ბუჩუკური ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე

ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია გაარკვიოს, ეს არის რეალობა თუ ეს არის ერთი კონგრესმენის შეთავაზება.

"ნუთუ არ შეუძლია "ქართულ ოცნებას", რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაარკვიოს, ეს არის რეალობა თუ ეს არის ერთი კონგრესმენის შეთავაზება. ან მეორე ვარიანტი, დიპლომატიურ ენაზე შეეძლოთ ეთქვათ, რომ თუ კონგრესმენის ინიციატივა გადაიქცევა სახელმწიფო პოლიტიკად, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ პარტნიორების შემოთავაზებები. ეს ვერ ვნახეთ, ჩვენ ვნახეთ ბრალდება, რომ ამერიკა ორჯერ აპირებდა თურმე რევოლუციის მოწყობას," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება ეროვნული ინტერესების ღალატი იქნება.

"ამ შანსის ხელიდან გაშვება არის ეროვნული ინტერესების ღალატი და თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ისტორიაში სხვა სახელით ჩაიწერებიან ამ უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემთხვევაში, ყველა ძალიან ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად. ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა იქნება თითოეული ადამიანის," - ამბობს ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ თუკი ეს ინიციატივა სერიოზულად იქნება განხილული, მასზე უარეს არავინ არ იტყვის.

"თუ ეს ინიციატივა ოდესმე მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე. საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი რომ სერიოზულად იყოს აღქმული. თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება, მაშინ უფრო რეალური იქნება," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".

 

დღის ამბები