პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციას კეზერაშვილთან საერთო ტაქტიკური ინტერესები კვლავ გაუჩნდეს და მათი ერთად ყოფნის საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგეს.
მისი თქმით, ტაქტიკური თვალსაზრისით ოპოზიცია გაიყოფა თუ შეიკვრება, ამით ჯამი არ შეიცვლება.
"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით რაიმე განსაკუთრებული, პრინციპული განსხვავება, მათ პოლიტიკურ, მსოფლმხედველობრივ, თუ ქცევით საკითხებში არ არსებობს. ხანდახან, ტაქტიკური თვალსაზრისით და პირადი გაუგებრობის გამო, გაიყოფიან თუ შეიკვრებიან, ამით ჯამი არ იცვლება. სავსებით შესაძლებელია, რომ კეზერაშვილთან, რომელიც მელიას წინააღმდეგი იყო, კვლავ საერთო ტაქტიკური ინტერესები გაუჩნდეთ და მათი ერთად ყოფნის საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგეს. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ისევ ფინანსებს უკავშირდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. "კურიერის" ინფორმაციით, პარტია "ახალის" ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, საუბრის თემა, მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.