19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
პუტინის მუქარისა და ბრალდებების შემდეგ კიევმა უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბების მოსაძებნად ატომური სააგენტოს ექსპერტები მიიწვია - ომის 247-ე დღე

საოკუპაციო ძალამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენა. დნეპროპეტროვსკის ოლქში სრულად განადგურდა 20 საცხოვრებელი კორპუსი და 8 კერძო სახლი. 1000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაშავდა 25 ადამიანი. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

იბომბება სუმის ოლქიც, რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები რეგიონის 5 დასახლებაზე მიიტანეს. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანებულია 2 საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი სისტემა.

ამასთან, მძიმე ბრძოლებია ხერსონის ოლქში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული მხარე ავრცელებს დეზინფორმაციას რომ თითქოს ტერიტორიას ტოვებს. სინამდვილეში ოკუპანტები ტერიტორიის დანაღმვით არიან დაკავებულები და მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაიწყება. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ლუგანსკის მიმართულებით. ღამის განმავლობაში მოგერიებულია ოკუპანტის რამდენიმე შეტევა. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატები და ცოცხალი ძალა.

უკრაინა იბრძვის არამხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მოსკოვი კიევის მხრიდან ბინძური ბომბის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს. საპასუხოდ, უკრაინულმა მხარემ ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტები მოიწვია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპერტები შემოწმებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი აპირებს თუ არა კიევი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რადიოლოგიური იარაღის გამოყენებას.

დღის ამბები