19 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ირანში საპროტესტო გამოსვლებმა ქვეყნის 100-ზე მეტი ქალაქი მოიცვა - ქალების უფლებების დასაცავად ქუჩებში მამაკაცებიც გამოვიდნენ

ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგაც ათასობით ადამიანი სამართლიანობის აღდგენასა და ქალების უფლებების დაცვას მოითხოვს. პროტესტი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა. დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირიც გამოიყენეს. ყოველდღე იზრდება მსხვერპლის რიცხვიც.

სოციალურ სივრცეში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რამდენად დაუნდობლად უსწორდება პოლიცია ხელკეტებით ქალებს.

პროტესტს სტუდენტებიც შეუერთდნენ და აქციაზე სულიერი ლიდერის სურათები გაანადგურეს.

ქალებმა აქციაზე პროტესტის ნიშნად ჰიჯაბი მოიხსნეს. მათ სოლიდარობას მამაკაცებიც უცხადებენ. მიმდინარე დემონსტრაციებს ირანის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მოქალაქეებს ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავება ურჩია. 

დასავლეთში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანში არსებული რეპრესიების გამო ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს წევრებსა და ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერებს სანქციები დაუწესა. 

აქციების პარალელურად, "ისლამურმა სახელმწიფომ" ერთ-ერთ მეჩეთში თავდასხმა განახორციელა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროტესტი ხელს ტერორისტულ აქტებს უწყობს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას ქმნის.

 

 

დღის ამბები