19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
პუტინი "შიმშილის თამაშების" ახალ სეზონს იწყებს - კრემლმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება გაწყვიტა

პუტინი "შიმშილის თამაშების" ახალ სეზონს იწყებს - რუსეთი გაეროს შუამავლობით დადებულ ხელშეკრულებას ეთიშება, რომელიც ე.წ. მარცვლეულის დერეფნების შექმნას, ანუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული მარცვლეულით დატვირთული გემების გატარებას გულისხმობს. შეთანხმებაზე უარის თქმის საბაბად შავი ზღვის რუსულ ფლოტში მომხდარი აფეთქებები სახელდება. რუსეთში ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევენ და მის მომზადებაში უკრაინასთან ერთად ბრიტანელ სპეციალისტებს ადანაშაულებენ. დაახლოებით 7 მილიონი ადამიანისთვის განკუთვნილი ხორბალი პორტებში დგას. ახალი კრიზისის ასარიდებლად დასავლეთი პუტინზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს.

ეს აღმოჩნდა მარცვლეულით დატვირთული ბოლო გემი, რომელიც უკრაინის პორტიდან დაიძრა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ხორბალი გაიტანა. ამის შემდეგ, რუსეთმა შიმშილის თამაშები დაიწყო - კრემლმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა ზამთარში შიმშილისთვის არის განწირული. გაირკვა ისიც, რომ პუტინმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს არც თურქეთის პრეზიდენტს აცნობა, რომელიც ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მხარე იყო. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პორტებიდან "მარცვლეულის დერეფნების" შესახებ შეთანხმების შეჩერების შესახებ, პუტინი ერდოღანთან საუბარს არც აპირებს.

რუსეთის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია უკრაინას. ოფიციალურმა კიევმა ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, რუსეთს შიმშილის თამაშების შეწყვეტა მოსთხოვოს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური შიმშილის ან როგორც მინიმუმ, ფასების მკაცრი კრიზისის პირობებში აღმოჩნდეს. ამ ფონზე ზელენსკი დიდი ოცეულის ფორმატიდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა. დმიტრო კულება თურქეთისა და გაეროსგან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე რეაქციას ელოდა. რეაქციამ არ დააყოვნა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენმდივნის სპიკერმა მხარეებს მოუწოდა, არ შეუქმნან საფრთხე "მარცვლეულის ინიციატივას", რადგან ეს გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის საკვებზე. გაერო რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა, თუმცა შედეგი ჯერ არ დამდგარა.

გაეროს მსგავსად, ევროკავშირიც მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კი კრემლის ამ ნაბიჯს სამწუხარო უწოდა. ენტონი ბლინკენმა ყველა მხარეს მოუწოდა, შეინარჩუნონ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა.

რუსეთი კი თავის გადაწყვეტილებას კვლავ უკრაინას აბრალებს. თუმცა, ამჯერად კრემლმა ბრალდება ბრიტანეთსაც წაუყენა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში სწორედ ლონდონს ადანაშაულებს და ამბობს, რომ თავდასხმა ბრიტანეთმა დაგეგმა. თავად ლონდონში კი ამბობენ, რომ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადასაფარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეპიკური მასშტაბის სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული.

ამ ურთიერთბრალდებების ფონზე კი უკრაინულმა მედიამ დღეს შავი ზღვის რუსულ ფლოტზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

დღის ამბები