03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტიდან ორი ჩეჩენი უკან გააბრუნეს

ჩეჩენი ეროვნების ორი ახალგაზრდა ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს. ისინი ქუთაისის აეროპორტიდან მოსკოვში გაამგზავრეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებმა მესაზღვრეებს ვერ განუმარტეს საქართველოში ჩამოსვლის მიზეზები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესაზღვრეებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აქვთ უფლება პირი არ შემოუშვან ქვეყნაში, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდები ქუთაისში ბუდაპეშტიდან ჩამოფრიდნენ. ერთ-ერთმა სოციალური ქსელით ვიდეოც გაავრცელა, სადაც საზღვარზე შეფერხების დეტალებს ყვება. მისი თქმით, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ჰქონდათ დადებული და ტელეფონით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევდნენ.  

"შევეცადეთ გადაგვერწმუნებინა პოლიციელები, რადგან ყველა საბუთი წესრიგში გვქონდა. თუმცა არაფერი გამოგვივიდა და თვითმფრინავში შეგვიყვანეს. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ისევ გამოსვლა გვთხოვეს და გვითხრეს, რომ შემდეგი რეისით გაგვამგზავრებდნენ. როგორც გაირკვა, ოფიციალური დეპორტაციის დროს უნდა გამოგვყოლოდა პოლიციელი. ამის საშუალება კი ქართულ მხარეს არ ჰქონდა. რამდენიმე საათი ხელბორკილებით ვიყავით. ღამის 11 საათისთვის მოგვხსნეს ხელბორკილები და ინტერნეტით სარგებლობის უფლება მოგვცეს. გვითხრეს, რომ მომდევნო რეისით მოსკოვში გაგვამგზავრებენ,"- აცხადებს ერთ-ერთი დეპორტირებული.

სახალხო დამცველის მადონა ბასილაძის განცხადებით, რუსეთის დეპორტირებული მოქალაქეებს მოსკოვის მიმართულებით ბილეთები ავიაკომპანიამ შეუძინა.

დღის ამბები