03 მაისი 2024,   19:09
ვრცლად
შსს-ს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს.
 
მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პოლიციის ატაშეების როლი სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები.
 
ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით გადაწყდება მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.
 
შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს - "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
 
შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ქართულ მხარესთან ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტულ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების​ მზაობა გამოთქვა.
დღის ამბები