13 წლის შემდეგ, ევროპარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები მკაფიო იყო. 30 წუთიან გამოსვლაში, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი აქცენტი საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროინტეგრაციაზე გააკეთა. საკუთარ სიტყვაში, ქვეყნის მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც რუსეთისგან დაცვას ნიშნავს . ევროპარლამენტარებს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ქვეყნის ისტორიული არჩევანი ევროპაა და ეს კონსტიტუციითაა გამყარებული. საქართველოა კი მის ისტორიულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს და ამ მიზნის მისაღწევად 12 რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია.
პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ უკრაინელები ახლა არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისთვის, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან, იმისთვის რომ ევროპული დემოკრატიული ფასეულობები იყოს გამარჯვებული. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა დარწმუნებით თქვა, რომ მომავალში ევროპარლამენტის დარბაზში ისხდებიან წარმომადგენლები საქართველოდან და უკრაინიდან.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ პოლარიზაციის დაძლევა 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელზეც ყველამ უნდა იმუშაოს.
საქართველოს პრეზიდენტმა 12 პრიორიტეტზეც ისაუბრა, რომლის იმპლემენტაციაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია და ამ კუთხით მან გაიხსენა 19 აპრილის შეთანხმება, რომლის დროსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წარადგინა და მას მცირე გამოსვლა ჰქონდა, რომელშიც აქცენტი გააკეთა, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდითაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. რობერტა მეცოლას თქმით იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს საჭიროა 12 პუნქტის შესრულება.
სიტყვით გამოსვლამდე კი სალომე ზურაბიშვილს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან . შეხვედრამდე გაჟღერდა საქართველო-ევროკავშირის ჰიმნები კორიდორში პლენარული სხდომის დარბაზთან დეპუტატების ნაწილმა და ემიგრანტებმა აქცია გამართეს, რომლის მოთხოვნაც, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.