"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას, სადაც საუბარია "საქართველოს ეროვნული ბანკის" შესახებ ორგანულ კანონში ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, შეფასებები მოყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევას ნიშნავს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" სურს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.
"ქართულმა ოცნებამ" ორი დღის წინ რომ განცხადება გააკეთა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვასთან, თუ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით მათი მხრიდან, ეს არის სრული აბსურდი, ისევ უტევენ პრეზიდენტს და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
"ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიული ვერტიკალის ქვეშ [მოქცევა], განზრახული კი არა, ფაქტობრივად, უკვე განხორციელებული აქვს, ერთადერთი ეროვნული ბანკი იყო დარჩენილი, საკანონმდებლო დონეზე დაცული და დამოუკიდებელი და როგორც ჩანს, შეთანხმების მცდელობა ჰქონიათ რომელიღაც კანდიდატზე პრეზიდენტთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფლებამოსილებაც ფიქტიურია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგენის ნაწილში," - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ამავე თემაზე კრიტიკული შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად იქცევა ასე, ეს არის ყურადღების გადატანის კამპანია, ცრუ ხმაურის კამპანია, რომ თითქოს რაღაცა ხდება. ლაშა ხუციშვილი იქნება თუ არა ეროვნულ ბანკში, ამით არაფერი იცვლება. ეს არის ცრუ ხმაური, რომ ყურადღება მიიპყროს და არ ვილაპარაკოთ იმ კატასტროფაზე რაც ხდება ევროპული კურსის ინტეგრაციის მიმართულებით, იმ მავნებლობაზე, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის რუსეთთან დაკავშირებით," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.