საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გუშინ გახდა ცნობილი, რომ სამი რეკომენდაციაა შესრულებული. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, იმ გარემოში, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს უწევდა მუშაობა, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მისივე თქმით, შეფასებები, რაც ევროკომისრისგან ისმის, ადასტურებს, რამხელა შრომა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულებისთვის.
"გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერჯერობით 2 აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება, აქაც დიდი პროგრესია. კარგია, რომ პირველად იყო შესაძლებლობა, რომ შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა მოლოდინები, რომელიც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ოქტომბრის ბოლოსთვის, როდესაც საბოლოო შეფასება იქნება, ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ასახული ამ შეფასებაში - პარლამენტი ბოლო კვირებშიც ინტენსიურად მუშაობდა და რამდენიმე კანონი მივიღეთ. ამიტომ გვექნება ბრიუსელთან დიალოგი, რომ ეს ცვლილებები და შემდგომი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი გვაქვს, სათანადოდ იყოს ასახული რეკომენდაციების შესრულების მხრივ. ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, უკრაინას ჯერ ორი - ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობა - ოპოზიციის ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამ დესტრუქციისა და ობსტრუქციისა, საქართველომ შეძლო და კვლავ ლიდერ პოზიციებზეა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.