15 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, საგარეო-პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუციის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისა და პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა, რომელიც საგარეო-პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუციის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ქვეყანას.

"ეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მიღწევა გახლავთ. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, ეს გახლდათ პარლამენტის მხრიდან , როგორც საგარეო-პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუციის ნაწილი, რომელიც ამ პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო და რომლის შემადგენელი ნაწილი იყო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება. მთავრობის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილიც იყო, სადაც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა ჩვენს ამოცანას და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ამოცანა იქნა მიღწეული.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაზე, რომელიც გახლავთ, როგორც შუა დერეფნის, ასევე საქართველოს ნაწილი, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანსპორტირებაზე, რა თქმა უნდა ჩინეთი არის ის ქვეყანა რომელსაც შეუძლია ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის გამოყენების საკითხში, ამ შეთანხმების უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ. წლებია გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები