15 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
"ეს მოვლენები იყო იმდენად კომპლექსური, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის პრაქტიკულად შეუძლებელი" - ოთარ შამუგია

შოვში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მინისტრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ითქვა, რომ სამწუხაროდ მსგავსი მოვლენის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ზუსტად განისაზღვროს თუ რა უნდა განხორციელდეს სამომავლოდ ხეობაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ პროცესები იმდენად სწრაფად მოხდა, რომ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

"ეს მოვლენები იყო იმდენად მყისიერი, იმდენად კომპლექსური, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში მოხდა ეს პროცესი. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლიდანაც აღებული მონაცემებით, მდინარეზე არც სტიქიამდე და არც სტიქიის პერიოდში წყლის დონის სხვაობა არ ფიქსირდება. მონიტორინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა უნდა მოგვცეს ანალიზის საშუალება, მისცეს ექსპერტებს, სპეციალისტებს, თუ სად არის მიზანშეწონილი შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება. პირველ ეტაპზე განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი," - აცხადებს ოთარ შამუგია.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანამ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟა, რომელიც საშუალებას იშლევა წყლის მატებაზე დაკვირვება განხორციელდეს. 

"ქვეყანაში გვქონდა ათეულობით მონიტორინგის სადგური და ჩვენ დაგვხვდა არც ერთი მონიტორინგის სადგური. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არც ერთი თანამშრომელი ამაზე აღარ იყო პასუხისმგებელი. ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრო მეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, შევიძინეთ და დაიწყო მისი მონტაჟი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ წყლის მატებას, ასევე მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ამინდის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას და  გვაძლევს საშუალებას გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს ამაზე რეაგირება," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები