სტიქიის ზონაში მაშველებს, პოლიციას, სამხედროებს, მოხალისეებს, ამ დრომდე ურთულეს პირობებში უწევთ ადამიანების ძებნა - ამ ფონზე კი მმართველი გუნდის წევრები დეზინფორმაციული "ფეიკ" ამბების და განცხადებების გავრცელებაზე საუბრობენ.
"ქართული ოცნების"აღმასრულებელი მდივანი მმართველი პარტიის წევრებზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას სტიქიის ზონიდან გამოეხმაურა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერის შეფასებით, მეთოდი, რომელიც ოპონენტებმა ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური ბრძოლისთვის აირჩიეს, ამორალურია.
საუბარია ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დეზინფორმაციულ სტატუსზე, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სტიქიის ეპიცენტრიდან მიცვალებულების დროული გამოყვანა აუცილებელი არ იყო. მალევე გაირკვა, რომ პარტია "ოცნების" თავმჯდომარის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბი იყო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ტყუილია ის ინფორმაცია, რომელიც შოვიდან მისი ოჯახის წევრების ვერტმფრენით გამოყვანასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" გავრცელდა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისმა შვილებმა ტერიტორია ოჯახის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. ამ ფაქტის დამადასტურებელი კადრები დღეს მედიაში და სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიღმა მართველი პარტია ოპონენტების ხელწერას ხედავს, თუმცა ადრესატებმა ბრალდებები დღეს უპასუხოდ დატოვეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა ქონდეს.
რა მიზანი აქვს დეზინფორმაციის გავრცელებას - კონკრეტული პასუხი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ოპონენტები და მათთან დაკავშირებული პირები საზოგადოებაში ვითარების დაძაბვას უწყობენ ხელს.
"ფეისბუქის" გვერდებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან კავშირს ”სტრატეგია აღმაშენებელში” გამორიცხავენ. ეს პოლიტიკური ძალა პასუხიმგებლობას იღებს ”ნაციონალურ მოძრაობაზეც”. სხვა ოპოზიციურ პარტიებში გლოვის გამო დუმილს არჩევენ.
"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა მათ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოუტანს.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა და მეხუთე დღეა შოვში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ურთიერთ ბრალდებების მორიგი საბაბია.