მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრემიერის თქმით, მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია.
"იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, საუბედუროდ.
ასევე თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როდესაც იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები, არსებობს ამის თაობაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ეს ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია.
ეს მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას - რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის, რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება. ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა, იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომელიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღის ადრე ხდებოდა. მთელი ეს კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს ერთ რამეზე, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ, ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ამ ბიჭებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს.
გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც კი დაინტერესდნენ, რომ არა პატრიარქის ჩართულობა ჩვენი გმირი ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლება," - განაცხადა პრემიერმა.