"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგო.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართველმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კი, ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე".
"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე, ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული, მადლობა მათ ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება. ეს იყო მათი ოცნება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულები," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.