პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის, ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აგრესიას აარიდებს.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისითაც.
"ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, აგრესორი საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებთან შორს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია და ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აარიდებს აგრესიას. უკრაინის საკითხი, არის უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის საკითხი, მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. არის საკითხები რისი არიდებას შეუძლებელია, როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რთულია მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, ვერ მოახერხა, რომ მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება იღებს. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას დღეს და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო, ვიყავით პატარა და ამიტომაც დავმარცხდით და არ გვქონდა მაშინ არანაირი მხარდაჭერა", - განაცხადა პაპუაშვილმა.