15 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
"7 აგვისტოს რატომ ასახელებთ მაინცდამაინც, 5-6-ში ბიჭები რომ დაიჭრნენ, ის ომი არ იყო? მაინცდამაინც რუსულ ნარატივს უნდა გავყვეთ სიმართლე რომ გაიგოთ?" - მამუკა მდინარაძე აგვისტოს ომზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებისათვის პატივის მისაგებად დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფეოდა. აგვისტოს ომზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რა შინაარსის არის ევროსაბჭოს საპარალამენტო რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და "ნაციონალური მოძრაობის" ამ ნაბიჯს სახელმწიფოს ღალატი უწოდა. 

"საერთაშორისო სამართლებრივ დავებში რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიცია იყო ის, რაც წერია რეზოლუციაში, რომელზეც ხელი მოაწერა სამწუხაროდ მაშინდელმა ხელისუფლებამ, ანუ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ. ეს იყო პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველომ 7 აგვისტოს ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა ცხინვალის, მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვით. ეს იყო ყველგან, ჰააგაშიც, სტრასბურგშიც რუსული პოზიცია. ამ რუსულ პოზიციას ხელი მოაწერა "ნაცმოძრაობის" დელეგაციამ.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა იყო საოკუპაციო რეჟიმის, დანაშაულებრივი რეჟიმის საქართველოს მიმართ განხორციელებული ძალადობა, ბოროტება, საოკუპაციო ომი.

ჩვენ რომ მივიჩნიოთ, რომ 7 აგვისტოს დაიწყო რაღაცით ომი, ეს რაღაცა ყველგან სამწუხაროდ ფიქსირდება რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვით, ეს არის დიდი ბოროტება. ამაზე რომ ხელს მოაწერ, რუსულ გადაწყვეტილებაზე, რომ ეს შესწორებები შეიტანოს რეზოლუციაში და მერე ამას რომ მხარს დაუჭერ, ეს არის საქართველოს ღალატი და ეს უნდა გაიგოს ყველამ. 7 აგვისტოს კი არ შემოიჭრა მხოლოდ, მანამდეც - 5-ში, 6-ში იქ ორმხრივი სროლები რომ მიდიოდა, იქ ომი დაწყებული იყო ფაქტიურად. რუსების მიერ დასახელებულ თარიღს, 7 აგვისტოს რატომ ასახელებთ მაინც და მაინც.  5-6-ში ბიჭები რომ დაიჭრნენ, ის ომი არ იყო? მაინც და მაინც რუსულ ნარატივს უნდა გავყვეთ სიმართლე რომ გაიგოთ? რუსული ნარატივია ის, რომ 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეთ ცხინვალიო," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

დღის ამბები