პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შოვის ტრაგედიით სპეკულირება სტიქიის პირველივე დღიდან დაიწყო. შალვა პაპუაშვილმა იმ საკითხს რომ თითქოს მოსალოდნელი საშიშროების პროგნოზი შესაძლებელი იყო, ტყუილი უწოდა.
ოპოზიციის წევრები დღესაც აქტიურად სვამდნენ შეკითხვას - რატომ ვერ აიცილა თავიდან ხელისუფლებამ მსხვერპლი. პასუხის მისაღებად ზოგიერთმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივითაც მიმართა.
მონიტორინგის საშუალებები რომ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის რაჭაშიც - ამაზე დღეს ოპონენტების კრიტიკას ვრცლად უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, სისტემა ბუნებრივი პროცესების ერთდროულად განვითარების პროგნოზს ვერ მოახდენდა, რადგან წყალმზომ მოწყობილობას, რომელიც წინასწარი შეტყობინების ამოქმედების ერთ-ერთი კომპონენტია, 3 აგვისტომდე ხეობაში მდინარის დონის კლება ან მატება არ დაუფიქსირებია. მისივე განმარტებით, სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთიდან ყველა საჭირო რესურსი მობილიზდა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით, ამორალურია.
კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ოპოზიცია ინტერესდება, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების დროულ ჩართულობას ეხება.
"ვერტმფრენების რაოდენობა მათი მუშაობის სპეციფიკას ვერ შეცვლიდა" - აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, რომელიც პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად, სტიქიის ზონაში იყო ჩასული. მამუკა მდინარაძემ, დღეს მედიის შეკითხვების საპასუხოდ განმარტა, თუ რა პრინციპით და უსაფრთხოების რა სტანდარტით მუშაობდნენ ვერტმფრენები, ასევე სამაშველო ჯგუფები უშუალოდ ტრაგედიის ღამეს. მისი თქმით, მოვლენების პრევენცია რომ შეუძლებელი იყო, ამაზე სპეციალისტებიც თანხმდებიან.
"სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმუმს აკეთებდა და აკეთებს" - ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი ჩაატარა, რის შემდეგაც სამძებრო- სალიკვიდაციო სამუშაოებს დაესწრო. პრემიერმა შოვის ტრაგედიის გამო მწუხარება დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა.
შოვში სამძებრო ღონისძიებები უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან 400-ზე მეტი მაშველი, 2 ასეული სამხედრო, რეზერვისტები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამისი ტექნიკით.