სამძიმარი დაღუპული გმირების ოჯახებს და მთავარი გზავნილები სამშვიდობო პოლიტიკაზე - პრემიერ-მინისტრმა დღეს მუხათგვერდიდან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრაგმატული პოლიტიკა ქვეყანას, ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საბოლოო გამთლიანებამდე მიიყვანს.
აგვისტოს ომის ფონზე, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, 15 წლის წინ მიმდინარე პროცესები გაიხსენა პირველმა კანონმდებელმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს - რუსეთის აგრესიის იგნორირებამ, 2022 წელს - უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომი განაპირობა.
ქართველი სამხედროების გმირობისა და თავგანწირვის ისტორიებზე საუბრობენ უმრავლესობის ლიდერებიც. 2008 წელის რუსული აგრესიის პირობებში, მაშინდელი ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე აკეთებს აქცენტს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ოკუპაციაზე, როგორც ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის მერი. კახა კალაძე ამბობს, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, ქვეყნის გაერთიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნოს.
ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.