15 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
სოკოებივით მომრავლდა ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები, ანგარიშებზე უამრავი თანხა ირიცხება და შემდეგ ეს თანხები საარჩევნო და პარტიულ მიზნებს ხმარდება - გია ცაგარეიშვილი

არცერთი ქვეყნიდან, არცერთი გაუკუღმართებული გზით შემოსული არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის გამორიცხული და ეს ასე იქნება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი გამოეხმაურა "რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

გია ცაგარეიშვილის თქმით, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც.

"მე ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია ამ ქვეყანაში, ეს არის წყალგაუვალი ჭეშმარიტება. ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერი პარტია უნდა ემორჩილებოდეს ნაციონალურ კანონმდებლობას. ეს არ არის საარჩევნო კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მოტანილი თემა.

ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ხანაშია დანერგილი პრინციპი, რომ გამორიცხულია ქვეყნის გარედან შემოტანილი სახსრებით და საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა. ეს ჩვენი დანერგილი არაა. ვფიქრობ, აქ უკვე მრავალი წელია, კანონმდებელმა პასუხი გასცა წუხილს, რომელიც საზოგადოებაში იყო. არცერთი ქვეყნიდან, არცერთი გაუკუღმართებული გზით შემოსული არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის გამორიცხული და ეს ასე იქნება ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ამ ორგანიზაციის მიერ განცხადების შეტანას, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც, რომლის მოვალეობაა პირველი სექტემბრიდან ამგვარ საქმეებზე შესაბამისი მოკვლევის ჩატარება. მგონი, ამ ქვეყანაში ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ სოკოებივით მომრავლდა ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამგვარი ორგანიზაციების ანგარიშებზე უამრავი თანხა ირიცხება და შემდეგ ეს თანხები საარჩევნო და პარტიულ მიზნებს ხმარდება", – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები