15 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა - "რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" 8 პარტიაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს

რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები იყენებდნენ გარკვეულ სქემას, რათა კანონმდებლობის გვერდის ავლით, არადეკლარირებული შემოსავალი მიეღოთ. საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ უცხოური წყაროდან თანხის მიღება. დავით ჩიხელიძემ დღეს ის პარტიები დაასახელა, რომლებიც, მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების თანხებს პარტიული მიზნებისთვის იყენებენ.

რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ დასახელებულ საეჭვო სქემაში მონაწილე პარტიებში ბრალდებებს უარყოფენ. სოციალური ქსელის საშუალებით თუ სატელევიზიო კომენტარებში, მმართველი გუნდის ოპონენტები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მათ წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობენ.

ეჭვი, რომ ზოგიერთი პარტია ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მისაღებად ქმნის, "ქართულ ოცნებაშიც" აქვთ. მმართველ გუნდში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, 2021 წელს ეუთო-ოდირის ანგარიშიც გაიხსენეს. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლები რიგ შემთხვევებში მოქმედებდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს.

მოკვლევას არა, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ "ხალხის ძალაში". საზოგადოებრივ მოძრაობაში იმედი გამოთქვეს, რომ პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება. მოძრაობის წევრები 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გულისხმობენ და აცხადებენ, რომ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის გამიზნულად გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები, ოპოზიციამ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 11 აგვისტოს მიმართა.

დღის ამბები