15 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"რუსეთის დამარცხების შემდეგ, რუსეთისკენ გადახრილი ხელისუფლების ძალაუფლება საქართველოში ვეღარ იარსებებს" - ხატია დეკანოიძე

ზელენსკის განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - ოპოზიცია უკრაინის პრეზიდენტის განცხადების პათოსს სრულად იზიარებს. "ევროოპტიმისტებში" აცხადებენ, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ, რუსეთისკენ გადახრილი ხელისუფლების ძალაუფლება საქართველოში ვეღარ იარსებებს.

"რუსეთის დამარცხების შემდეგ, ასეთი რუსეთისკენ გადახრილი ხელისუფლების ძალაუფლება საქართველოში ვეღარ იარსებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების დაცვა ჩვენ გვიწევდა 2008 წელს ძალიან დიდი სისხლის ფასად, უკრაინელებს უწევთ ძალიან დიდი სისხლის ფასად, რუსეთის დამარცხების შემდეგ მთლიანად ეს დოქტრინა შეიცვლება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი ხატია დეკანოიძე.

"სტრატეგია აღმაშენებელში" კი ამბობენ, რომ უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, საქართველოს შიგნით პოლიტიკური ძალების და საზოგადოების აქტიურობაა მნიშვნელოვანი, რათა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა დააჩქარონ.

"ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკრაინის გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ ასევე უკრაინის გამარჯვებასთან ერთად ჩვენ - პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მოვაახლოვოთ ის პერიოდი, რასაც ჰქვია "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები