უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ომში მყოფ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის მოწოდებას გამოეხმაურა. ინფორმაციას REUTERS ავქეყნებს. ზელენსკის განცხადებით, ომის დროს არჩევნების გამართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ხარჯებს პარტნიორებიც გაიყოფენ, კანონმდებლები დაეთანხმებიან, საარჩევნო უბნებზე კი უკლებლივ ყველა მივა.
ქვეყანაში არჩევნების ჩატარება ახლა შეუძლებელია, ვინაიდან უკრაინაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ყოველ 90-ე დღეს გრძელდება, ახლანდელი ვადა 15 ნოემბერს იწურება, მას შემდეგ, რაც უკრაინის საპარლამენტო არჩევნების ტრადიციული დრო - ოქტომბერი გასული იქნება, საპრეზიდენტო არჩევნების დრო კი - 2024 წლის მარტში უწევს.
ომში მყოფ ქვეყანას არჩევნების ჩატარებისკენ 23 აგვისტოს კიევში ჩასულმა ამერიკელი სენატორების დელეგაციის წევრმა, სენატორმა ლინდსი გრემმა მოუწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ 1+1-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის საკითხი სენატორ გრემთან ნამდვილად განიხილა, მათ შორის ფინანსური და კანონში შესაბამისი ცვლილებების აუცილებლობის კუთხით.
"მე ძალიან სწრაფად, ძალიან მარტივად ვუპასუხე ლინდსის ამ შეკითხვაზე, რომ ამისთვის აუცილებელი პირობაა, ჩვენი კანონმდებლები იყონ თანახმა," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მშვიდობიან დროს არჩევნების ჩატარება 5 მილიარდი გრივნა ( 135 მილიონი აშშ დოლარი ) ჯდება, თუმცა არ იცის, რა შეიძლება ეს ღირდეს ომიანობის პერიოდში. "ამიტომ მე ვუთხარი სენატორს, რომ თუ აშშ და ევროპა ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფენ... მე არ ავიღებ ფულს არჩევნებისთვის იარაღისთვის საჭირო და აუცილებელი თანხიდან, ამას კანონიც ითვალისწინებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აუხსნა ამერიკელ სენატორს, რომ საჭირო იქნება ხმის მიცემის უზრუნველყოფა სანგრებშიც, ასევე საჭირო იქნება იქ დამკვირვებლების გაგზავნაც, რომ არჩევნები შედგეს კანონის ფარგლებში. ასევე დახმარება იქნება აუცილებელი უცხოეთში გასული მილიონობით მოქალაქის ხმის მიცემის პროცესში ჩასართავად.