15 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
ზელენსკი უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსა და მოლდოვას მომავალზე საუბრობს - ვინ როგორ გაიგო უკრაინის პრეზიდენტის განცხადება თბილისში

საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსა და მოლდოვას მომავალზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მარცხი ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც შეუწყობს ხელს და დემოკრატიის კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის.

"უკრაინის პრეზიდენტის კიდევ ერთი არაკორექტული განცხადება" - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას. გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებით კითხვების დასმა არასამართლიანია, მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს.

უკრაინის პრეზიდენტის პათოსს იზიარებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ რუსეთის დამარცხებასთან ერთად, კრემლის იმპერიული გეგმებიც დასრულდება და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის და ოპოზიციის საპასუხოდ, უმრავლესობამ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.

ტელეინტერვიუს დროს, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საერთაშორისო დახმარება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს უფრო ეფექტურს გახდის.

დღის ამბები