06 სექტემბერი 2024,   12:27
ვრცლად
"საფარმა" სქესობრივი დანაშაულების შესახებ კონფერენცია გამართა

"საფარმა" სქესობრივი დანაშაულების შესახებ კონფერენცია გამართა. შეხვედრაზე  განიხილეს მსგავს დანაშაულებზე გამოვლენილი ხარვეზები, ბარიერები და პრაქტიკის გაუმჯობესების გზები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პრაქტიკოსმა იურისტებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების - პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება იმ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა თუ სისხლის სამართლებრივი დევნის, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე არსებობს.

არსებული კანონმდებლობა არ ასახავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობის გამოცდილებას, რაც რიგ შემთხვევაში დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის გაუმჯობესება. მომზადებულია უკვე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და იმედი გვაქვს, რომ მას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ დასრულდება კანონპროექტის კანონის სახით მიღებაში", - განაცხადა უფლებადამცველი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში, გოგა ხატიაშვილმა.

დღის ამბები