ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებზე განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება. თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგი სტანდარტები აქვთ.
"წელიწადი და ერთი თვეა, რაც პრეზიდენტს გამოცხადებული აქვს ერთ-ერთ პოზიციაზე ვაკანსია და კაციშვილს არ აქვს სურვილი, რომ შეიტანოს [განაცხადი] იმიტომ, რომ არც სურვილი აქვს და არც ნდობა ამ სისტემის მიმართ. რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გაეთიშნენ ამ პროცეს პირდაპირ [მაშინ] განაცხადეს, რომ უნდობლობას უცხადებენ მას, მაგრამ როგორც კი კანონპროექტი წარვადგინეთ და ივნისში მივიღეთ შემდეგ იძახდნენ- არა ეს სწორიაო. ვხედავთ, რომ ორმაგ სტანდარტებზე არის საუბარი", - განაცხადა გივი მიქანაძემ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაოშვილის განცხადებით, მოდელი, რომელიც დღეს არსებობს იმით არის ღირსეული, რომ ცესკოს თავმჯდომარე მეტი ლეგიტიმაცია აქვს.
" მოდელი, რომელიც ტოვებს შესაძლებლობას, რომ ერთმა პარტიამ უმრავლესობით, ანუ თვითონ გადაწყვიტოს ვის დანიშნავს იქ კომპრომისის შესაძლებლობები მინიმუმამდე ჩამოდის იმიტომ, რომ ინტერესი, მოხდეს კომპრომისი დაბალია. თვითონ ამ მოდელის, რომელიც დღესაც მოქმედებს და ამ კანონის ამოქმედებამდე იმოქმედებს, მთელი ღირსება იმაშია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის შემთხვევაში მათ ექნებათ მაღალი ლეგიტიმაცია", - განაცხადა მიხეილ დაოშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ოპოზიციამ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ნიშნავს იმას, რომ მას უმრავლესობაზე ბატონობა უნდა.
"იმედია, ოპოზიცია ამ პროექტს მხარს დაუჭერს. თუ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას სურს უმრავლესობაზე ბატონობა. ოპოზიციის უმრავლესობაზე ბატონობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის უმრავლესობა და ოპოზიცია იმარჯვებს არჩევნებში, ამიტომ ამის იმედს ვერ მოგცემთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.