06 ოქტომბერი 2024,   21:58
ვრცლად
"დღეიდან მე ვარ შენი ბატონ-პატრონი და ჩემი თანხმობის გარეშე, შენთვის სუნთქვაც კი არ შეიძლებაო" - რას ამბობენ გოგონები, რომელთაც ქორწინება აიძულეს

საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინების რეგისტრაცია დაუშვებელია, მაგრამ ბავშვების იძულებითი ქორწინების შემთხვევები მაინც ხშირია. როგორც წესი ასეთი ისტორიების დეტალები უცნობია, ან ცნობილი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფემიციდის სტატისტიკა იზრდება, ოჯახში ძალადობის ფაქტი ხმაურდება, ან სულაც გოგონა გამოიჩენს გაბედულებას და გაიქცევა.

მხოლოდ 2020-2022 წლებში, იძულებით 400-ზე მეტი ბავშვი გაათხოვეს. უმეტესმა მათგანმა სკოლაში სიარული შეწყვიტა და განათლებასა და განვითარებაზე უარი თქვა.

კურიერი P.S.-ის რეპორტაჟი გაქცეულებსა და გადარჩენილებზე, გოგონებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ იყვნენ უხილავი ჩაგრული ქალები:

"მამამ თქვა, რომ უკვე გაიზარდა და მისი გათხოვების დრო მოვიდა. მამას მეგობარი იყო ის კაცი. მე შემთხვევით გავიგე დედა ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას, რომ 23 დეკემბერს გვექნება ნიშნობაო. მე არც ტელეფონი მქონდა არც მეზობლებს ვიცნობდი, ჩემი საქმე მარტო სახლის ლაგება და საჭმლის კეთება იყო, სკოლაშიც მხოლოდ ჩემს ძმასთან ერთად მიშვებდნენ. მე მივედი მამასთან და ვუთხარი რომ თანახმა ვიყავი გავთხოვილიყავი მხოლოდ იმიტომ რომ მეორე დღეს სკოლაში წასვლის უფლება მქონოდა. სკოლის დირექტორის ტელეფონიდან კი პოლიციაში დავრეკე. მერე მამა შემეცოდა და არ დავაჭერინე, მაგრამ მახსოვს, როგორ მეშინოდა რომ მემუქრებოდა. მეგონა ყველგან მითვალთვალებდა თბილისშიც კი მირეკავდა და მეუბნებოდა , რომ სადაც მნახავდა მომკლავდა," - ყვება თამამ აბულოვა.

ნაადრევ ქორწინებას 14 წლის ნარილატა ვერ შეეწინააღმდეგა და თითქმის 10 წელი ჯოჯოხეთში გაატარა.

"დედა მეუბნებოდა გოგოს სწავლა არ სჭირდება, "გათხოვდება" და ქმარი შეინახავსო. 14 წლის ვიყავი როდესაც გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც ცოლად უნდოდა ჩემი შერთვა. ბიჭი ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. არ მინდოდა მაგრამ მაინც გამათხოვეს და მითხრეს, რომ ამიერიდან მშობლების აღარ მაგრამ საქმროს ბრძანებები უნდა შემესრულებინა. ქორწილის ღამეს ვტიროდი და ქმარმა მითხრა, დღეიდან მე ვარ შენი ბატონ-პატრონი და ჩემი თანხმობის გარეშე შენთვის სუნთქვაც კი არ შეიძლებაო.

სახლში მარტო რომ ვრჩებოდი ჩემს დას ვთხოვდი თოჯინები მოეტანა და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ისევ ბავშვობაში მაბრუნებდა. დედა მენატრებოდა და მისი ნახვაც მეკრძალებოდა. შარვლის ჩაცმას მიკრძალავდა, სერიალის ყურებაც კი მეკრძალებოდა ამბობდა, ალბათ იქ ვინმე კაცი მოგწონს და იმიტომ უყურებო. მცემდა, მირტყამდა თავში, - ყურის უკან იცოდა დარტყმა, სახეში არ მირტყამდა მაგრამ მე კი არ მზოგავდა, უბრალოდ, სახეში რომ დაერტყა, გამისივდებოდა და ხალხი შეამჩნევდა.

ასეთი სტრესული ცხოვრებო ფონზე 5 წელი არ ვორსულდებოდი და უშვილოს მეძახდა, შემდეგ დავორსულდი და არც ორსულობისას შეუწყვეტია ჩემზე ძალადობა. შემდეგ უმძიმესი დაავადების დიაგნოზი დამისვეს და გადავწყვიტე არ მემკურნალა, რომ ასე დამესრულებინა ჩემის სიცოცხლე. ქმარი ამ მდგომარეობაშიც არ მინდობდა და სასტიკად მცემდა. ბოლოს როდესაც ცემისას მენჯის ძვალი მომტეხა, დედა აღარ გაჩუმდა და პოლიციას მიმართა. მართალია უკვე გვიანი იყო და 10 წელზე მეტი ტანჯვაში გავატარე, მაგრამ ახლა 35 წლის ასაკში მაინც დავაღწიე თავი ჯოჯოხეთს," - იხსენებს ნარილატა.

მძიმე ისტორია აქვს ჩინარასაც. რთულ რეალობას გამოქცეული, ახლა თავად ეხმარება მათ, ვისაც გონია, რომ ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლაში მარტოა.

"მე 14-ის ვიყავი, ის კაცი 25-ის. მე არ მინდოდა გათხოვება, ვთქვი ხომ არ გამყიდოთ მეთქი? მაგრამ მამამ ბიჭის ოჯახს უთხრა, რომ თანახმა ვარ და გოგო თქვენიაო."

ჩინარას წინააღმდეგობის შემდეგ მშობლებმა ბიჭის ოჯახს გოგოს მოტაცების ინსცენირება შესთავაზა.

"ეს რომ გავიგე ძალიან შემეშინდა, თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ მივხვდი რომ მამას რცხვენოდა იმ ხალხის ნიშნობა უკვე ჩატარებული იყო და უკან ვერ დავაბრუნებო, მე მისიც მესმის, თვითონაც მსხვერპლი იყო ამ ტრადიციის."

ქორწილი მაინც დაგეგმეს.

"შევარჩიე პატარძლის კაბა, მიყიდეს მზითვები, დაპატიჟეს სტუმრები. ბოლოჯერ კიდევ ვთქვი რომ არ მინდოდა გათხოვება, მაგრამ ისევ არავინ მომისმინა და გაქცევა გადავწყვიტე... მერე ჩემი იძულებით ქორწინებისთვის მამაჩემი დააპატიმრეს. ჩემმა დამ და ძმებმა მითხრეს, რომ მე მათი და აღარ ვარ და აღარ ვუყვარვარ," - ამბობს ჩინარა კოჯაევა.

ბედს გაქცეულები დღეს ღიად და დაუფარავად მხოლოდ იმიტომ ალაპარაკდნენ, რომ მათ ტკივილი 14 წლის იძულებით გათხოვილი გოგოს სასტიკმა მკვლელობამ განუახლა.

"გამახსენდა ჩემი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მე გადავრჩი, რომ ვნახე, როგორ უარყოფდნენ მშობლები რომ თვითონ ძალით არ გაათხოვეს, დედაჩემიც ასე ატყუებდა სასამართლო რომ იძულება არ ყოფილა და ჩემი სურვილით ვთხოვდებოდი," - იხსენებს თამი.

მათ საკუთარი ცხოვრება უკვე შეცვალეს.

"ათას საძაგლობას ჭორაობდნენ ცემზე სოფელში, მაგრამ ახალ როცა დაინახეს როგორ ვცხოვრობ, ჩავაბარე ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე, მგონი უკვე ამაყობენ ცემით მაგრამ ჩუმად," - აღნიშნავს თამი.

"მე მინდა რომ ჩემით ამაყობდნენ, ვარ წარმატებული სტუდენტი ვმუშაობ ქალების უფლებებზე, ჩემს სოფელში გავხსენი ბიბლიოთეკა, ვატარებ ტრენინგებს, ამ ყველაფერს ჩემი ოცნებებისთვის ვაკეთებ. - და რაზე ვოცნებობ? - პოლიციელობაზე" - ამბობს ჩინარა.

თუ შენც გაქვს ოცნება - ხარ 14 წლის და იძულებით გათხოვებენ, იცოდე რომ მარტო არ ხარ! თუ გადარჩნენ ისინი - იცოდე, რომ გადარჩები შენც! იცოდე, რომ არსებობენ ადამიანები, ორგანიზაციები და უწყებები, რომლებიც იზრუნებენ შენზეც. მთავარია, არ გაჩუმდე!

 

 

დღის ამბები