06 ოქტომბერი 2024,   21:46
ვრცლად
გრიპის ვირუსი და ვაქცინაცია - რესპირატორულმა დაავადებებმა საქართველოში მოსალოდნელზე ადრე დაიწყო ცირკულაცია

ინფექციონისტები სეზონური გრიპის სიმპტომებსა და მოსალოდნელ გართულებებზე უკვე საუბრობენ. ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ რესპირატორულმა ვირუსმა ნაადრევად დაიწყო ცირკულირება. ლაბორატორიულად A და B ტიპის გრიპის ერთეული შემთხვევები უკვე გამოვლენილია, პიკს დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში ელიან.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, განისაზღვრა პრიორიტეტული რისკ-ჯგუფები. აცრა უფასოა დიაბეტის, C ჰეპატიტის, აივ ინფექციის, დიალიზზე მყოფი პირებისთვის, პენსიონერებისთვის, თავშესაფარში მყოფი ბავშვებისა და ფეხმძიმეებისთვის.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 დოზა ვაქცინა უკვე შემოიტანა. პრეპარატი 4-კომპონენტიანია.

იმუნიზაციისთვის საჭირო პრეპარატი საქართველოს მასშტაბით ყველა პოლიკლინიკაშია გადანაწილებული. თბილისის გარდა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებშიც. ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირველად ცენტრს უკვე არაერთმა მოქალაქემ მიაკითხა.

მედიკოსების რეკომენდაციით, ოქტომბრის თვე იმუნიზაციის პროცესისთვის აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული.

დღის ამბები