06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების ადგილს ნანგრევებისა და ნაშალისგან ასუფთავებენ - 29 ოჯახი სახლებში დაბრუნებამდე დასკვნას ელოდება, რამდენად უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად
ვაზისუბნის პირველ რაიონში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ დრომდე რჩებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიას ნანგრევებისა და ნაშალისგან ასუფთავებენ.
 
მაცხოვრებლების ევაკუაცია და სასტუმროებში დაბინავება წუხელვე განხორციელდა. აღნიშნულ კორპუსში სულ 29 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 17, მუნიციპალიტეტმა დროებით საცხოვრებლით უზრუნველყო, ხოლო ნაწილი ნათესავებთან რჩება, ისინი მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას ელოდებიან, რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად.
 
ცნობისთვის, ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება გაზის დაგროვების შედეგად მოხდა, რამაც ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. 
დღის ამბები