06 ოქტომბერი 2024,   21:54
ვრცლად
14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მშობლებმა ჩვენების მიცემას თავი ისევ აარიდეს -  სასამართლო მათ ისე დატოვეს, გამოძიების კითხვებისთვის არ უპასუხიათ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის მშობლებმა ჩვენების მიცემას თავი ისევ აარიდეს - რუსთავის საქალაქო სასამართლო მათ ისე დატოვეს, რომ გამოძიების კითხვებისთვის არ უპასუხიათ. თუ პირველ შემთხვევაში, მიზეზად ადვოკატის არყოლა დაასახელეს, დღეს თქვეს, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვთ და საუბარი არ შეუძლიათ.

ამ გზით 27 წლის კაცის დედ-მამამ აარიდეს თავი მთავარ კითხვას - იცოდნენ თუ არა რომ ბავშვი იძულებით ქორწინებაში იყო და მონაწილეობდნენ თუ არა ისინიც გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

ახლა საქმის ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული, თუმცა დამნაშავე პირთა წრე, შესაძლოა, გაფართოვდეს. „კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესებულია დაკავებული ასიმ ასლანოვის დით და ბიცოლათი

"სხდომა გაიხსნა და მოწმედ გამოსაკითხი პირების ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოს," - ამბობს მკვლელობისთვის ბრალდებულის მშობლების ადვოკატი, ლევან მამუკელაშვილი.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაიკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გარკვეულ სახის ინფორმაციას მოცემული ფაქტის ირგვლივ. 

"ბრალდებულის მშობლებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მიზეზად აღნიშნულმა პირებმა დაასახელეს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენებას არ იძლევიან საკუთარი თავისა და ოჯახის წევრის წინააღმდეგ. მიმდინარეობს გამოძიება, უნდა დაიკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გარკვეულ სახის ინფორმაციას მოცემული ფაქტის ირგვლივ და თუ შეიკრიბება მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით საკმარისი იქნება პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პროკურატურა დაიწყებს დევნას," - ამბობს პროკურორი.

დღის ამბები