06 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ გადაცემას გამოეხმაურა, რომელიც, კომპანიის წარმომადგენელთა შეფასებით, დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"სტუდია „მონიტორი“ ცრუპენტელაა! 28 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარმა“, სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული გადაცემით, კიდევ ერთხელ სცადა ეროვნული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ ჩირქის ცხება.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი, სინამდვილეში არაფერს იძიებდა. როგორც სჩვევიათ, დეზინფორმაციის გავრცელების გზით, ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ბრალდება ორი მიმართულებით იყო წარმოდგენილი:

პირველი, რომლის მიხედვითაც, თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის მომხრე გამოდიოდა;

მეორე, თითქოს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ სახელმწიფომ ვალები ჩამოაჭრა და გაკოტრებას გადაარჩინა.

ბევრჯერ მოგვიწია ახსნა და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის საკითხი (მათ შორის, რუსეთთან ფრენების აღდგენა) სამთავრობო შეთანხმების საგანია და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ კომპეტენციას სცდება.

რაც შეეხება, პირადად თამაზ გაიაშვილის პოზიციას, მას ის არასოდეს დაუმალავს. აბსურდია ორ სახელმწიფოს შორის ფრენების აღდგენის წინააღმდეგი იყო იმ დროს, როცა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალება თავისუფლად გადაადგილდება. გარდა ამისა, ნორმალური ადამიანი, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთში ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მოღვაწეობს, რომლებსაც ორივე მიმართულებით გადაადგილება უწევთ, არ შეიძლება, არ აცნობიერებდეს პირდაპირი ავიარეისების არსებობის აუცილებლობას.

რა არის აქ გასაკვირი ან დასაძრახი?!

რაც შეეხება მეორე საკითხს - ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“გაკოტრება-რეაბილიტაციის რეჟიმს, საქმე აქაც მარტივადაა. მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში ყველა ავიაკომპანიას კრიზისი დაუდგა. ავიაციის ისეთი გიგანტებიც კი, როგორებიც არიან „ლუფტანსა“, „ეარ ფრანსი“ და სხვები (გრძელ სიას აღარ ჩამოვთვლით), გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ. სახელმწიფოების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ნაციონალური ავიაგადამზიდველების ანგარიშებზე ათობით მილიარდი ჩაიდო, რათა ეს მაღალტექნოლოგიური დარგი გადაერჩინათ. რომ არა ასეთი მიდგომა, ისინი დღეს აღარ იარსებებდნენ.

ამ საერთო ვითარებიდან გამონაკლისი ვერც „ჯორჯიან ეარვეისი“ იქნებოდა. წინასწარ გაყიდული ბილეთები, სამგზავრო ფრენების შეწყვეტის გამო, უკან დასაბრუნებელი გახდა, რამაც უმძიმესი ფინანსური კრიზისი გამოიწვია და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსგან არანაირი ფინანსური დახმარება არ მიუღია, გადაყვანილი იყო გაკოტრება-რეაბილიტაციის რეჟიმში. კონკრეტულ პირთა მიერ დაქირავებული, გაუნათლებელი ჟურნალისტებისთვის, რომელთაც საკითხის შესწავლა და ანალიზი არ აინტერესებთ და, თავიანთი ცრუპენტელობით, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს დისკრედიტაციას ეწევიან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: კრედიტორთა საბჭომ შეისწავლა იმ ვითარებაში ავიაკომპანიას ვალების გასტუმრების რა შესაძლებლობა გააჩნდა და რა იქნებოდა შექმნილი მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავალი - გაკოტრების თუ რეაბილიტაცია.

ყველგან ასე ხდება. ამ შემთხვევაში, სამოცზე მეტი კრედიტორი იყო, რომელთა 99 პროცენტის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიას არსებული დავალიანების 90 პროცენტი ჩამოეწერა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კრედიტორთა შორის სახელმწიფო საწარმოთა წილი 2 პროცენტსაც არ შეადგენდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო კომპანიები კრედიტორთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდნენ.

ამ უმარტივესი საკითხების გარკვევის ნაცვლად, „მონიტორის“ ჟურნალისტებმა პროვოკაციის გზა აირჩიეს. სიუჟეტში კარგად ჩანს, „მონიტორის“ ეს პროვოკატორი ჟურნალისტები, ჩართული ვიდრეოკამერითა და მიკროფონით, როგორ ესხმიან თავს ჯერ თამაზ გაიაშვილს, შემდეგ - გოჩა მეზვრიშვილს.

ნუთუ ადამიანის უფლებათა დარღვევა არ არის ფაქტი, რომ მას შესაძლოა სრულებით არ სურს, ვინმესთვის ინტერვიუს მიცემა. ელემენტარული ზრდილობა და, თუ გნებავთ, პროფესიული ეთიკა არ მოითხოვს, რომ ვიდრე ადამიანს კამერითა და მიკროფონით თავს დაესხმები, ინტერვიუზე შეუთანხმდე? მიკროფონიანი თავდამსხმელი შეიარაღებული თავდამსხმელისგან რით განსხვავდება, ორივე, ადამიანის უფლებებს ლახავს. ამ ვაიჟურნალისტებს პროვოკაციის ჟინი და სურვილი იმიტომ ამოძრავეთ, რომ სრულად მიიღონ შეპირებული გასამრჯელო. მათ ბაზარზე სიმართლეს ჩალის ფასი აქვს, პროვოკაცია კი სარფიანად იყიდება.

ამ სიუჟეტის გამო, „ჯორჯიან ეარვეისი“ „მონიტორის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, სადაც, რეპუტაციის შელახვისთვის, მატერიალურ კომპენსაციასა და სტუდიის დახურვას მოითხოვს.

ანალოგიურად მოიქცევა თამაზ გაიაშვილიც, რომელიც, როგორც ბიზნესმენი, საქმიანი იმიჯის შელახვისა და მიყენებული მორალური ზიანის გამო, ბოდიშის მოხდასა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები