პარლამენტში მომხდარ ინციდენტს "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. პარტიის წევრის, დავით ხაჯიშვილის შეფასებით, მსგავსი დაპირისპირება მიუღებელია. მისივე თქმით, ენმ-ის წევრ ქალებს არანაირი ნივთი არ უსვრიათ ოპონენტის მიმართ.
"პირადი შეურაცხყოფა არავისთვის არავის არ მიუყენებია, მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო. არავითარი სროლა ქალებისგან არ ყოფილა არავითარი ნივთის. სამწუხაროა, რომ ადამიანი ასე მოიქცა, მით უმეტეს ქალების მიმართ. არ შეიძლება ასეთი ქცევა, ყველა დამეთანხმება. გუშინ, როდესაც გასაშველებლად ჩავერთე ამ კონფლიქტში, მოვუწოდე ლევანსაც, რომ გასულიყო დარბაზიდან, რადგან მისი იქ ყოფნა ვერანაირად ვერ განმუხტავდა სიტუაციას," - აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხმა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხსენებამ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა. ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ მგალობლიშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და ამით დაარღვია რეგლამენტი. დეპუტატი ითხოვს მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდეს და სანქცია დაეკისროს.