ნოდარ ხარშილაძის განცხადება, დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. საუბარია სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება სავსეა ხალხით, რომლებიც, სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არათუ უბრალოდ საჯარო სამსახურში, არამედ პოლიტიკური ლიდერები.
"პირდაპირი მუქარა არის შედეგი იმის, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები. ნოდარ ხარშილაძე გახლავთ თავდაცვის და შსს-ს მინისტრების ყოფილი მოადგილე "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დღეს უცხოური დაფინანსებით როცა ხდება იმის წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი არის სამოქალაქო საზოგადოება, ეს, ერთი მხრივ არის ცინიზმი, მეორე მხრივ, ზუსტად ის ნირი, რომელიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში – პირდაპირ მუქარა და უკვე ასრულებული მუქარა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი იმავეს აგრძელებენ.
ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ უცხოურ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან და ეს საელჩოებო წარმოგვიდგენენ მათ, ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.
არასამთავრობო სექტორი სავსეა ხალხით, რომლებიც, სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არათუ უბრალოდ საჯარო სამსახურში, არამედ პოლიტიკური ლიდერები. არასამთავრობო სექტორში დომინირებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერები, სწორედ ამიტომ ისმის მუქარები, რაც შესაბამისად, არის მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაიწყონ, აღასრულონ ის ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.