სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ მათ შორის გამოიძიოს ნებისმიერი დანაშაული და დარწმუნებული ვარ გამოიძიებენ კიდეც - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ღამით მომხდარ თვდასხმებს.
რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისაც მსგავსი ტიპის არეულობა და მძლავრი საპროტესტო მუხტი შეიძლება აწყობდეს, ეს არიან პროტესტების უკან მდგომი ადამიანები.
"ნებისმიერი ძალადობა არის ცუდი. ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ იმას, რომ ეს გალახაო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? რაზე ამბობთ ასე ხელაღებით. სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ მათ შორის გამოიძიოს ნებისმიერი დანაშაული და დარწმუნებული ვარ გამოიძიებენ კიდეც.
ყველა დაშავებულს მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება, ეს არის პირველ რიგში, რაც უნდა ვთქვათ. მეორე - თუ კი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა არიან ის ადამიანები, ვინც დგანან ამ მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა," - აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.