ცხრა ბიზნეს ასოციაცია, ხელისუფლებას მოუწოდებს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს. ერთობლივი განცხადებით, ასოციაციების ალტერნატიული შეთავაზება ინიციატივის არჩევნების შემდეგ გადავადებაა.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის მთავარი ევროპული გზა არის. ერთობლივ მიმართვას ხელს აწერს ცხრა გაერთიანება - მათ შორის არიან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და ამერიკის სავაჭრო პალატა.
"ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, სტაბილურობისთვის და დამოუკიდებლობისთვის, მთავარი არის საქართველოს ევროპული გზა. კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, ნამდვილად ვერ მოიტანს სიკეთეს. პირიქით, ეს მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას. როგორმე უნდა მოვერიოთ პირად ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი იყოს გაწვეული," - აცხადებს ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიას განცხადებით კი, საქართველოს პარტნიორების მოწოდების გაუთვალისწინებლობა, რომ კანონპროექტი დაგვაშორებს ევროპულ მომავალს - "დანაშაულია"
"ნამდვილად არ აქვს აზრი ამ კანონპროექტის შინაარსში შესვლას და ამაზე ცალსახად არ ვაპირებ დროის დახარჯვას. ჩვენს ყველაზე მყარ პარტნიორებს, ევროპელებს და ამერიკელებს, ჩემზე გაცილებით კარგად ესმით ამ კანონპროექტში რა წერია. როდესაც ისინი მიგვითითებენ და პირდაპირი მნიშვნელობით თითს გვიქნევენ, რომ ეს დაგვაშორებს ევროპულ მომავალს და ყველაზე მჭიდრო პარტნიორს - ამერიკას, ეს ჩემი მოსაზრებით, დანაშაულია," - აღნიშნავს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.