16 ნოემბერი 2024,   11:04
ვრცლად
ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში - თინა ბოკუჩავა​

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების განცხადებით, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებთან საუბრის მთავარი თემა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპელი კოლეგების გზავნილია, მმართველმა გუნდმა გაიწვიოს კანონპროექტი. 

"საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ. 

"ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს ხალხთან ერთად, მათ სურთ საქართველო იხილონ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არის ევროკავშირში. "ხალხის ძალა" იქნება თუ "ქართული ოცნება", მათ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა მათი მხრიდან, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში, იქნება აღკვეთილი ჩვენი ხალხის მიერ", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გზავნილი იყო, რომ საქართველოს არ გაეხსნება მოლაპარაკებები დეკემბერში იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად.

"ქართული ოცნების" პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება. ეს იყო ძალიან მყარად და ხისტად გაკეთებული გზავნილი", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

დღის ამბები