16 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
თუ ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, აშშ-ის მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები, ეს შეეხება ფინანსურ მხარეს, იქნება მგზავრობაზე კონკრეტული ადამიანების მიმართ - აცხადებს ჯიმ ო"ბრაიენი

"თუ გაგრძელდება გამოსვლები და დემონსტრაციები, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მშვიდობიანი, მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია იქცეოდეს მშვიდობიანად, არ იყოს არანაირი დაშინება, თავდასხმები ადამიანების მიმართ" - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო"ბრაიენმა, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ო"ბრაიენმა აღნიშნა, თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, ეს იქნება სახიფათო და სარისკო ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

"ის ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში და ვინც არის დამნაშავე, აუცილებელია, ისინი წარსდგნენ კანონის და სამართლის წინაშე. თუკი კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები და ამგვარი ტიპის რიტორიკა, ამერიკის წინააღმდეგ თუ დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

მარტივი მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ეტაპზე საქართველოსთვის დახმარებისთვის გამოყო 390 მილიონი დოლარი. აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ასევე ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, ინსტიტუტების მშენებლობას, მათ შორის, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება უკვე მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ.

თუკი ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები, პირველ რიგში, ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარეს, მეორე კუთხით, ეს იქნება მგზავრობაზე კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე. თუმცა, მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ეს მინდა მოხდეს, პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ," - აცხადებს ჯიმ ო"ბრაიენი.

 

დღის ამბები