4-წლიანი მუშაობის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა ისევ ძველ გზას და ნაცნობ სტრატეგიას დაუბრუნდა - სადაო კანონპროექტის კანონად ქცევას "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი დაუპირისპირა. კონკრეტულ გეგმას კი საზოგადოებას, როგორც თავად თქვეს, მოგვიანებით გააცნობენ. ამ განცხადებიდან მალევე გეგმა არა, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ პროტესტი საკრებულოებშიც დააანონსა.
"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს "ლელოც." პარტიაში განმარტეს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდნენ, სწორედ ბოიკოტია.
მამუკა ხაზარაძის პარტიამ ბოიკოტი არ იკმარა, გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, თავად ხაზარაძემ ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა და მორატორიუმი გამოაცხადა. "ლელოს" ლიდერმა კოლეგებს ევროპული პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდა. პარტიის ლიდერმა პროცესში მნიშვნელოვანი როლი სალომე ზურაბიშვილს მიანიჭა და განმარტა, რომ მასთან კოორდინაცია მნიშვნელოვანია.
"ლელოს" მკაცრ ტონს, შეფასებაც მკაცრი მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ ამხილა.
მმართველი გუნდის ოპონენტები ერთიანები ვერც ბოიკოტის გზაზე აღმოჩნდნენ. პროტესტის ამ ფორმას "გირჩი" და გახარიას გუნდიც ემიჯნება. პარტია "საქართველოსთვის" განმარტავს, რომ მათი ბრძოლა როგორც პარლამენტის გარეთ, ისე საკანონმდებლო ორგანოშიც უნდა გაგრძელდეს.
კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის გადაწყვეტილება მიიღო, საპარლამენტო უმრავლესობამ კი საზოგადოებასაც და ოპონენტებსაც კანონის მიზანი კიდევ ერთხელ განუმარტა.
ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი რესურსი დიდი ხანია ამოწურა - ამას საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს. განმარტავენ, რომ სხდომათა დარბაზში ყოფნას ოპონენტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იყენებენ.
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე თვე-ნახევარი რჩება, ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის დასასრული კი ისეთივეა როგორც დასაწყისი. 4 წლის წინ მმართველი გუნდის ოპონენტები პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და საქმიანობა, სწორედ გაცდენებითა და ბოიკოტით დაიწყეს.
ავტორი: იზი ბურნაძე