16 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
13 მაისს ნაცემი და დაკავებული ადამიანები, 29 პირი იზოლატორში და ერთი საავადმყოფოში - ძალოვანების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე რამდენიმე საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს

30 დაკავებული, აქედან ერთს აყვანისას პოლიციის მხრიდან მიყენებული დაზიანებების გამო ოპერაცია დასჭირდა - ასეთია გუშინდელი საპროტესტო აქციის სტატისტიკა, რომელიც ძირითადად, საღამოს დაკავებული დემონსტრანტების ხარჯზე გაიზარდა. სპეცრაზმელებმა და საპოლიციო დანაყოფებმა, პირველი დაკავებები მას შემდეგ დაიწყეს, რაც მომიტინგეების მცირე ჯგუფმა პარლამენტის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის ჯებირი მოანგრია და ეზოში შევიდა, ცოტა ხანში კი სამართალდამცველებმა, უკვე რუსთაველის გამზირზე, ძალის გამოყენებით დააკავეს აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელსაც თავის არეში იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

როგორც უფლებადამცველები ირწმუნებიან, ფიზიკური დაზიანების კვალი სხვა დაკავებულებსაც აღენიშნებათ, მათ შორისაა ლაზარე გრიგორიადისიც. დაკავებების კიდევ ერთი სერია გმირთა მოედანზე მოხდა, მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, კიდევ რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აიყვანა. ყველა დაკავებულს სამართალდამცველები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ, საქმეების მონიტორინგს ახდენს ომბუდსმენის აპარატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ მიერ დემონსტრანტების დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მანამდე კი იყო რამდენიმე გაფრთხილება. 30 დაკავებულიდან 6, ხელწერილით უკვე გაანთავისუფლეს.

დემონსტრანტების მხრიდან რკინის დამცავი ღობის დაზიანების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმი მოქმედებაზე გადავიდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მორღვეული კონსტრუქციიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების დაკავების ოპერაცია დაიწყეს.

საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან, სამართალდამცველებმა 13 პირი აიყვანეს. მათ შორის იყო ლაზარე გრიგორიადისიც.

პოლიციელზე თავდასხმისთვის გასამართლებული აქტივისტი, სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ დააკავეს. სპეცრაზმის მოქმედებამდე იყო გაფრთხილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე განცხადება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისთვის დაკავებულები ადვოკატებმა, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს, მათ შორის გრიგორიადისიც, რომელიც სხვადასხვა სახის ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებს.

სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვამდე დაკავების ოპერაციაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამართალდამცველებმა აიყვანეს აქტივისტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ფასადზე საპროტესტო წარწერებს აკეთებდა.

დემონსტრანტების აყვანის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფმა დაიკავა. სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეები პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ გადაიყვანეს, ამ ტერიტორიაზე მოხდა დავით ქაცარავას დაკავება. მოგვიანებით კი, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი ფიზიკური დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ქაცარავას საქმეს პეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

საპროტესტო აქციის დასრულებამდე, იყო დაკავების სხვა ეპიზოდებიც.

რუსთაველის გამზირსა და გმირთა მოედანზე, პოლიციამ კიდევ 17 დემონსტრანტი აიყვანა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ის აქტივისტები, ვინც მთავარი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვას ცდილობდა. საქმეს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი.

წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ, ჭიჭინაძის ქუჩაზე აიყვანეს. მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

14 მაისს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 30 პირი დაკავა. ნაწილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვა.

დღის ამბები