16 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს მოხდა "ქართული ოცნების" პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ევროინტეგრაცია მოხდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში - კახა კალაძე

"ვერ მოიყვანს ვერც ერთი ადამიანი მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის, გაატარებდა რუსულ ინტერესს, იქნებოდა რუსეთის ინტერესებში" - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.

კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაადგა და დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მოხდება.

"რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონპროექტს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი გამყარებისთვის, სუვერენიტეტისთვის და ის, რომ დღეს ქვეყანა დამოუკიდებელია და თავისუფალია, ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გააკეთა არჩევანი, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული გზა.

ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო წლებს, თუ კი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ევროინტეგრაცია მოხდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში.

არ არსებობს არც ერთი არგუმენტი და ფაქტი, 2012 წლიდან მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარ ხელისუფლებაში და ვერ მოიყვანს ვერც ერთი ადამიანი მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის, გაატარებდა რუსულ ინტერესს, იქნებოდა რუსეთის ინტერესებში. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი არც ერთი ფაქტი და არც ერთი კონკრეტული არგუმენტი," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები