თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პროევროპული ფრონტის შექმნის შესახებ. ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გვერდით საკუთარ თავს უკვე ხედავს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინიციატივის შესახებ მეტი კონკრეტიკა სჭირდება.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის როლი ერთობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
"მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ საზოგადოების და ხალხის დაკვეთა ერთიანობასთან დაკავშირებით. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის გამოდიოდა ინიციატივით, რომ შექმნილიყო ერთობა, რომელიც დაამარცხებდა საერთო ძალისხმევით რუსულ რეჟიმს და რუსულ ოცნებას. ამიტომ, პრეზიდენტის როლი ამ ერთობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმიანებით მის წინადადებას, 26 მაისთან დაკავშირებით შეიქმნას გარკვეული შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც პროდასავლურ პარტიებს მისცემს საერთო პოზიციის გამოხატვის საშუალებას," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, საქართველოს სჭირდება ახალი ალტერნატიული დასავლური პლატფორმა, რომელიც იქნება ეროვნული და ევროპული პრინციპების სამსახურში.
"ჩვენი განაცხადი არის ის, რომ საქართველოს სჭირდება ახალი ალტერნატიული დასავლური პლატფორმა, რომელიც იქნება ეროვნული და ევროპული პრინციპების სამსახურში. მე ვფიქრობ, ამას გამოეხმაურა ძალიან საინტერესოდ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ბრძანა, რომ ის იქნება ევროპული ფრონტის, ეროვნული და ევროპული პლატფორმის ერთ-ერთი ლიდერი", - ამბობს გრიგოლ გეგელია.