პრემიერ-მინისტრის შეთავაზება ახალგაზრდებს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიისთვის მზად არის, მაგიდასთან კი ახალგაზრდების ჯგუფს და მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებსაც იწვევს.
ირაკლი კობახიძე შენიშვნების გაზიარებისთვისაც მზად არის და მსგავს დამოკიდებულებას ელის ახალგაზრდებისგან. პრემიერ-მინისტრი წერილში აღნიშნავს იმასაც, რომ საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემცირება, აქციაში მონაწილე აპოლიტიკური ახალგაზრდების დამსახურებაა, სწორედ ამიტომ, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ჩამცხრალი ემოციების ფონზე არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ ჯანსაღი დისკუსია გაიმართოს.
პრემიერის აღნიშნულ შეთავაზებას მიესალმებიან მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს უპრეცედენტო შეთავაზებაა:
"პრემიერის მხრიდან გაკეთდა უპრეცედენტო შეთავაზება. მან პირდაპირ თქვა, რომ მე მზად ვარ შევხვდე ახალგაზრდების წარმომადგენლებს, მათთან ერთად დეტალურად განვხილო კანონი, მოვისმინოთ მათი წინადადებები, შევიდეთ დეტალურ მსჯელობაში და ასევე, თუკი იქნება კონკრეტული პოზიცია შესაბამისი არგუმენტებით, ვნახოთ როგორ იქნება ის გათვალისწინებული უკვე მიღებულ კანონში. ამით პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისთვის და ზოგადად ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი განსხვავებული აზრი, თუნდაც ერთი მოქალაქის, მით უფრო, როდესაც ეს ახალგაზრდობას ეხება. პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ ქვეყნის პირველი პირი მათ შეხვდეს. რიგი ორგანიზაციები უკვე გამოხატავენ პროტესტს და ცდილობენ ამ მართლაც უპრეცედენტო ინიციატივის დისკრედიტაციას, რადგანაც მათ დღის წესრიგში არ შედის განხილვები, რადგანაც სათქმელი არაფერი აქვთ,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.