"ორმაგი სტანდარტი" - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას უცხოური ქვეყნების ზეგავლენისგან ევროკავშირის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში, საქართველოსთვის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით, გამჭვირვალობა არის განსაკუთრებულად აქტუალური. ორმაგი სტანდარტია ზუსტად ის, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსი თავისი ქვეყნის პერსპექტივიდან, თავის ქვეყანაში გარე ჩარევას მიიჩნევს პრობლემად, ხოლო იგივე პოლიტიკოსები საქართველოში გარე ჩარევას მიიჩნევენ ნორმალურად. ასე არ შეიძლება - პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ პრინციპების დონეზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ჩვენ არ ვკადრულობთ, რომ გამოვიდეთ და დავიწყოთ - რა დროს ამ საკითხზე საუბარია ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში-თქო, ჩვენ არ ვიკადრებთ, რომ მივიდეთ კონკრეტულ მიტინგზე და დავიწყოთ რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ის შექმნის "ევროპული დემოკრატიის ფარს", რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს.