ვენეციის კომისიის დასკვნა - კიდევ ერთი ხმა დასავლეთიდან, რომელიც თვლის, რომ საქართველოში მიღებული კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებთან და სტანდარტებთან.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ვენეციის კომისიამ" კანონის გაწვევის მკაცრი რეკომენდაცია სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, პოლიტიზირებული შეფასებით გასცა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მომხსენებელი აცხადებს, რომ დოკუმენტში ფაქტები დამახინჯებულია და მიკერძოებულ მიდგომას ასახავს. ანრი ოხანაშვილის თქმით, დასკვნა ადასტურებს, რომ კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტები არც ვენეციის კომისიას აქვს და ევროკავშირის მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას კანონის არსებული ფორმით გაუქმებას ურჩევს. კომისია მიიჩნევს, რომ ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კომისია კანონის გაწვევის მოთხოვნას სამართლებრივად ვერ ამყარებს და მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.
ოპოზიციისთვის კი, კომისიის დასკვნა მორიგი არგუმენტია, რომ ხელისუფლებას კანონის გაუქმება და პრეზიდენტის ვეტოს გათვალისწინება მოსთხოვოს. იშვიათად მკაცრი და ზედმიწევნით ობიექტური - ასე აფასებენ დოკუმენტს ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ამ საკითხს დილიდან სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურნენ.
რატომ არ უნდა უზრუნველყოს საქართველომ გამჭვირვალობა? - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კითხვა ვენეციის კომისიამ უპასუხოდ დატოვა. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობით სამართლებრივმა ინსტიტუციამ საკუთარი რეპუტაცია დააზიანა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის შეფასებისთვის "ვენეციის კომისიას" თავად ევროპის საბჭომ მიმართა. კომისია დასკვნას ამზადებს ლგბტ პროპაგანდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც.