მადრიდსა და ლვოვში საქართველოს მაგალითზე "ინდივიდის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვაზე წინააღმდეგობის" შესახებ ღონისძიება ჩატარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას და სავარაუდოდ აღნიშნულ თემაზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ღონისძიებაზე სტეფან აკიმოვიჩმა მიიწვია, რომელიც "სტუდენტები თავისუფლებისთვის" (Students For Liberty) ევროპული პროგრამების დირექტორი და 2024 წლის 19-21 აპრილს თბილისში მიმდინარე ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიების, LibertyCon Europe 2024-ის მონაწილეა.
ღონისძიების ორგანიზატორის მიერ საქართველოში გამოგზავნილი მოსაწვევი ინფორმაციულია და მასში აღნიშნულია: "ჩვენი მოხალისეები წინ აღუდგებიან ავტორიტარული პრაქტიკის წარმოების მცდელობას, რომელიც გულისხმობს ინდივიდის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვას, მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობები უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასახელებს ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, როგორც უცხოური გავლენის აგენტებს, "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის", მეგობრების მხარდაჭერით მთელი მსოფლიოდან, გააგრძელებენ მცდელობებს შეეწინააღმდეგონ მთავრობას, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანას ხელი ააღებინოს ევროპული კურსისგან და ქვეყანა არ გახდეს ევროპული ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფო".
არსებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულთა შორის არიან ისინი, ვინც თბილისში, აპრილში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ. დამსწრეებს შორის არიან საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები გია ჯაფარიძე და სანდრო ზიბზიბაძე, ასევე "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი კოკა თოფურია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი აქტივისტები ღონისძიებაზე უკვე გაემგზავრნენ, მანამდე კი შეხვედრა ჰქონდათ "სოროსის ფონდის" ოფისში.