პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკ-ბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო.
დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დოკუმენტს - ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელს და ევროპული სასამართლოს საქმიდან "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ამონარიდს, სადაც სწორედ მაკ-ბრაიდის სახელია მითითებული.
რატი იონათამიშვილის თქმით, კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია.
"როდესაც ევროპის საბჭო ე.წ. დამოუკიდებელ ექსპერტებს უკვეთავს დასკვნას გამჭირვალობის ქართულ პროექტზე და მერე ვიგებთ, რომ ამ დასკვნას დებს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში არის სააკაშვილის ადვოკატი, არის თუ არა ლეგიტიმური, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დამატებითი კითხვები, ეს პროცესები თავიდანვე იყო თუ არა მანიპულაცია და ფარსი? ფაქტია, რომ ამის შემდეგ არავის არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ფარსი და დეზინფორმაცია,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მაკ ბრაიდი ვენეციაში პროცესებს არ ესწრებოდა.
"უმრავლესობის სახელით ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია მე მქონდა, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მაკ ბრაიდი ამ შეხვედრებს არ ესწრებოდა, შეხვედრებს, სადაც ძირითადად პირველწყაროდან უნდა მიეღო ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით და როგორ წერს ამაზე დასკვნას? მეორე კი ისაა, რომ ეს ადამიანი არის მიხეილს სააკაშვილის ინტერესების დამცველი სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგმა კი რა გადაწყვეტილებაც მიიღო ყველამ ვიცით. ასეთი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში ძალიან უცნაურია. თვითონ დასკვნა კი ძალიან უცნაური ფორმით არის წარმოდგენილი და არ მგონია საზოგადოებისთვის გასაკვირი იყოს ეს,"- აცხადებს მიქანაძე.