ოპოზიციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს მცირე დრო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და ვეტოს დაძლევა გადაიფიქროს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის თქმით, გეგმა მხოლოდ პროტესტია.
"საერთაშორისო ასპარეზზე მგონი სათქმელი ითქვა. აქეთ ამერიკიდან არის ლაპარაკი იმაზე, რომ დასანქცირდება ყველა პირი. საერთოდ არ მინდა, ვინმე იყოს ამ სიაში, წაიღეთ ეს რუსული კანონი უკან," - აცხადებს მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით კი, ოპოზიციის გეგმა და ტაქტიკა არასწორია.
"ეცდებიან, რომ ატეხონ უაზრო ხმაური, როგორც უაზრო ხმაური აქვთ ქუჩაში ატეხილი და ხალხს 9 კილომეტრიან მარათონებს არბენინებენ წინ და უკან, სრულიად უაზროდ და უმისამართოდ. ორგანიზატორები თავისუფლად დადიოდნენ, ხალხს არ უშვებდნენ აქციაზე, ფეის კონტროლზე იდგეს ბაია პატარაია და ზოგადად, ადამიანებს გული აუცრუვდეთ ამ ყველაფრისგან - ეს არის ორგანიზებული ქოცების მიერ და ამას ასრულებენ ჩვენი იდიოტი ოპოზიციონერები. არ მგონია, რომ მათ ახლა რაიმე გადაიფიქრონ ვიღაცის მოწოდების შედეგად, იმიტომ, რომ ბლინკენის მოწოდებაზე მეტად ვერავინ ვერ მოუწოდებს ახლა მათ. მე მგონია, რომ მოწოდება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ რაღაცნაირად დავფიქრდეთ, როგორ უნდა ჩავანაცვლოთ "ქართული ოცნება", - აცხადებს იაგო ხვიჩია.