17 ივნისი 2024,   22:29
ვრცლად
კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი, ჩვენ "ოცნებას" კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა - გიორგი მსხილაძე

"კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი" - ამ სიტყვებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე იურიდიული კომიტეტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებისთვის მხარის არ დაჭერას გამოეხმაურა.

გიორგი მსხილაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი მიუღებელია და ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს.

"არგუმენტების მოსმენა არ სურდათ, არ იყო საკმარისი იურიდიული კომიტეტისთვის, უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ, შინაარსობრივ ნაწილში შესვლა, კანონზე რომ გვესაუბრა. კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი. სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მე-11 მუხლი, რომ აღნიშნულმა კანონმა იმუშაოს მხოლოდ 1 დღე. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი.

აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, ჩვენ "ოცნებას" კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა," - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

 

დღის ამბები