სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების სქემაზე საუბრობს. როგორ ხვდება პარტნიორების ფული ქართულ პოლიტიკაში? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტიებისთვის, უცხოური გრანტების მოსაპოვებლად, პოლიტიკური გაერთიანებები მათ მიერ დაფუძნებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ. ამის მაგალითად კი "ტაბულას" ერთ-ერთი პროექტი მოჰყავთ, რომელიც დეზინფორმაციას ეხება და ფინეთის საელჩო აფინანსებს. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ აღნიშნული აქტივობისთვის გამოყოფილი გრანტი "ევროპულ საქართველოში" მიდის.
ხმარდება თუ არა პროექტისთვის გამოყოფილი უცხოური გრანტი "ევროპულ საქართველოს?"- თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა და, ფინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გამოცემა "ტაბულამ" დოკუმენტური ფილმები მოამზადა, ხოლო 32 ათასი ევროდან არცერთი თეთრი პარტია "ევროპულ საქართველოს" არ მიუღია. "დასავლეთი - მეგობარი თუ მტერი"- ასე ჰქვია, ფინეთის საელჩოს დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანიც ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიების გამოაშკარავებაა.
"კურიერი" ფინეთის საელჩოსთან დეტალების გარკვევას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. სოციალურ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე, დიპლომატიურმა უწყებამ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ფინეთის მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
"ტაბულას" პროექტის მეშვეობით, "ევროპული საქართველოს" შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს არასამთავრობო სექტორს. ირწმუნებიან, რომ მედიისა და ენჯეოების ფინანსები სრულად გამჭვირვალეა, შეკითხვები კი ამ მიმართულებით არ არსებობს.
ოპოზიციური პარტიების უცხოური გრანტით შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსაც. მისი თქმით, "შავი ფული," რომელიც უცხოეთიდან, სხვადასხვა ორგანიზაციის გავლით, ქართულ პოლიტიკაში ხვდება, გამჭვირვალე უნდა იყოს, ამას კი სწორედ გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს.
ფინეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი, "ტაბულას" ხელმძღვანელობით, 2023 წლის მაისში დაიწყო, რომლის ფარგლებში მომზადებული ვიდეოები სოციალურ ქსელში იტვირთება.